სირიაში ციხიდან გაიქცა "ისლამური სახელმწიფოს" ასობით მომხრე
პარალელურად, აშშ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიიდან გაიყვანს იქ დარჩენილ სამხედროებსაც, რათა მიმდინარე შეტაკებებში ისინიც არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში 13 ოქტომბერს თქვა, რომ აშშ "მიზანმიმართული ოპერაციის" ფარგლებში 1000-მდე სამხედროს გაიყვანს იმ ადგილებიდან.
თურქეთის სამხედრო ოპერაციის მოლოდინში, ამ ადგილებიდან უკვე გაყვანილ იქნა 50-მდე ამერიკელი სამხედრო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სირიიდან ჯარს მთლიანად გამოიყვანს. ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები, რომლებიც გამოდიან გაფრთხილებით, რომ ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, მოიტანს "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალ აღორძინებას.
ქურთთა ძალების მეთვალყურეობის ქვეშ პატიმრობაში იმყოფება "ისლამური სახელმწიფოს" 10 000-მდე წევრი, და ექსპერტები შიშობენ, რომ ისინი ციხიდან გაიქცევიან, ქურთთა ძალების და თურქეთის ჯარის შეტაკებების ფონზე.