ბესელია: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გაჩნდა უფრო მეტი განაწყენებული და უკმაყოფილო
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 7 წლის თავზე, საქართველოში გვყავს სამართლის მძებნელი და სოციალურად შეჭირვებული კიდევ უფრო მეტი ადამიანი, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ, 1 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე.
„შვიდი წლის თავზე რა არის შედეგი?! იმაზე მეტი ადამიანი სამართლის მოლოდინში, ვიდრე ჩვენ გვყავდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. იმ ადამიანებს ამ წლების განმავლობაში დაემატა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვინც სამართალს ეძებს; კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვინც სოციალურად შეჭირვებულია, ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და ამას ვერ გრძნობს... განაწყენებული ჩვენი მხარდამჭერები და განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები.
ის კარგი დინამიკა, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რითიც მართლაც გვეამაყებოდა, რომ სწორ რელსებზე იდგა პროცესი, რომ ქვეყანა მიდიოდა სწორად, დღეს ისიც დარტყმის ქვეშ არის დაყენებული და საფრთხის ქვეშ არის დღესაც... და დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა, რადგან იმ დაპირებების ფონზე, 7 წლის თავზე აღარ უნდა ყოფილიყო კითხვის ნიშნის დასასმელი, ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ მთავარი იდეალი არის უკუგდებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში სამართლიანობის იდეითა და დაპირებებით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ სიმართლის მაძიებელ ადამიანებს იმედები გაუცრუა. ბესელიამ ბოდიში მოუხადა იმედგაცრუებულ ადამიანებს.
„სამწუხაროდ, 7 წლის თავზე, იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა და რომელთა მხრებზეც გადაიარა, ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული... ეს ადამიანები შვიდი წლის თავზე არ იმსახურებდნენ იმის თქმას, რომ ვინც მათ ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, გაკეთილშობილდნენ, გასხივოსნდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ...
მინდა, იმ ადამიანების სახელით, ვინც მათ ჰპირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მათ პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ დაგვვიწყებია და რომლისთვისაც არ გვიღალატია... ვინც ზურგი შეაქცია და ვინც არჩია, დროისა და გარემოების, კომფორტისა თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა ამ მთავარი იდეისთვის, ამაზე ალბათ საზოგადოება გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ადამიანების გაწბილებასა და უკმაყოფილებას დიდწილად უკავშირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომელიც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს კანდიდატებთან გასაუბრების სახით. ბესელიას თქმით, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესი „ერთ-ერთი ყველაზე ბოლო შანსია 2020-ის არჩევნების წინ“ და ეს პროცესი საბოლოო პასუხს გასცემს ყველაფერს.
„ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას, ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ, კი არ წუხან რამეზე, რომ რაღაც ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ - ახლა კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს, რადგან მაშინ უვადოდ არ იყვნენ დანიშნულები...
და დღეს ამდენი მცდელობის შედეგად მივიღეთ ასეთი სტანდარტის, ასეთი კვალიფიკაციის და ასეთი პრინციპების მოსამართლეები... ამას ძალიან მწვავედ აკრიტიკებენ და ნახეთ „ოდირის“ დასკვნა, ნახეთ ევროსაბჭოს მომხსენებლების შეფასებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.