ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა
ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უსუფაშვილი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები.
“ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა… ეს იმიტომ, რომ სნეულების წყარო მოსამართლეების დამნიშნავ ერთმმართველობაშია, რომელიც თვით თემიდასაც კი მორჩილების ვირუსით დააინფიცირებდა, თვალებს ლიდერისკენ მიაპყრობინებდა და მახვილს მისი მზერის მიმართულებით მოაქნევინებდა. გამოსავალი ერთია, მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო. ეს სასამართლო იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანციაც და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მხარს დავუჭერდი ასეთ მოდელს, მაგრამ, ვაღიარებ, სხვა გზას ვეღარ ვხედავ”, – წერს უსუფაშვილი.