მდინარაძე შეწყალებაზე: პირველებმა გადაწყვეტილება ჩვენ გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა
„იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაკრიტიკეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებაში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ამას თავისი პასუხები სჭირდება. თუ გამოძიების ფარგლებში ამას პასუხი გაეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე კი, შესაძლოა თუ არა, პრეზიდენტს არ სცოდნოდა რას აწერდა ხელს და გამოიკვეთება თუ არა მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პასუხისმგებლობის საკითხი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს გამოძიების დასადგენია:
„თეორიული დაშვების დონეზე შემიძლია ასი ვერსია გითხრათ. დღევანდელი ფაქტი და მოცემულობაა, რომ გამოძიება დაიწყო, რაც კარგია, მისასალმებელია, რადგან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.
შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.
16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.
20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.