პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები პოლიციელს თავად ადანაშაულებენ - მათ გირაო შეეფარდათ
შემთხვევა ბათუმში 16 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი ეზოში ტაქსის ელოდებოდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. ამ საუბარში ისინი მიეყრდნენ ერთ-ერთ ავტომანქანას, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის, როინ კოჩალიძის საკუთრება აღმოჩნდა. დაკავებულების თანახმად, მათთან მისულმა პოლიციელმა მათ იარაღი მიაბჯინა და აგინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულები ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის ნათესავები არიან. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამოცემის რედაქტორი, ეთერ თურაძე აღნიშნავს, რომ საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, შემდეგ კი დამძიმდა და 353-ე მუხლით შეიცვალა, რაც განაპირობა იმან, რომ როინ კოჩალიძე გავლენიანი პოლიციელია. ეთერ თურაძის შეფასებით, პოლიციელის შეურაცხყოფაში ბრალდებული ხუთი პირის დაკავების პროცედურით პოლიციამ გარკვეული მესიჯი გაუგზავნა "ბათუმელებსაც", როგორც მედიასაშუალებას.
"ჩაატარეს ოპერაცია გარემოებაში, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი. ადამიანებს სამსახურებში მიაკითხეს დემონსტრაციულად. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, როცა ბავშვი ბაღში მიჰყავდა. გარდა ამისა, იყო ჩვენთვის, როგორც მედიისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტობრივი გარემოება ის, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, როდესაც თითქოს ეძებდნენ, სახლში კი არ მიაკითხეს, მივიდნენ ჩვენი გამომცემლის, დირექტორის ოჯახში.
რატომღაც პოლიციელებს აღმოაჩნდათ ნებართვა, ასე განმარტეს, რომ უნდა შესულიყვნენ იმ ბინაში, სადაც ჩვენი დირექტორი ცხოვრობდა და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს ჩვენთვის, როგორც მედიისთვის, იყო რასაკვირველია მესიჯი", - განუცხადა "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
პროკურატურის ვერსიით, პოლიციელმა როინ კოჩალიძემ მათ თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, ნასვამი ახალგაზრდები კი თავს დაესხნენ. ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვდა.
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.