ბოლტონი: ზელენსკის არ სჭირდება ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა დონბასთან მიმართებით
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არ სჭირდება "ნაჩქარევი" ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ჩართულობასთან მიმართებით აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტულ ძალებთან.
"არ ვთვლი, რომ არსებობს საფუძველი რომელიმე მიმართულებით ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმისთვის. ... ჩემი აზრით, უკრაინის ახალი მთავრობისთვის უპრიანი იქნება ამაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა" - უთხრა ბოლტონმა რადიო თავისუფლებას ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა კიევში, 27 აგვისტოს.
"არ მგონია, რომ ევროპელებს მოეპოვებათ გამოსავალი, რომელიც უკვე აშკარადაა გამოკვეთილიო", დასძინა ბოლტონმა მოლაპარაკების ე.წ. "ნორმანდიულ ფორმატთან" მიმართებით, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
მას შემდეგ, რაც აპრილში პრეზიდენტად აირჩიეს, ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით გაიმართოს ოთხმხრივი მოლაპარაკება ნორმანდიის ფორმატის სხვა წევრებთან, რუსეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, რათა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ნორმანდიის ფორმატის ლიდერები მომავალ თვეში გამართავენ სამიტს. შეკითხვას, სურს თუ არა ვაშინგტონს შეუერთდეს ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებს, ბოლტონმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ამერიკას "მნიშვნელოვანი ინტერესი" აქვს კიევსა და მოსკოვს შორის არსებულ საკითხებთან მიმართებით.