"TV პირველის" წარმომადგენლები უცხოელ ელჩებს შეხვდნენ
დიპლომატებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველისა“ და იმ სასამართლო პროცესის ირგვლივ, რაც წერეთლების ოჯახთან დაკავშირებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 27 აგვისტოს გამართული შეხვედრების შემდეგ.
ნინო ჟიჟილაშვილი და ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩებს და ცალკე შეხვდნენ ასევე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს.
„ყველაფერზე იყო კითხვები - რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მორალური თვალსაზრისით როგორ ვაპირებთ გაგრძელებას. .. ჩვენ ვაპირებთ, რომ განვაგრძოთ მუშაობა, ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ ეთერში და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ვიყოთ შეუვალები...
პირადად მე ვიგრძენი ძალიან დიდი მხარდაჭერა. მათ მოგვისმინეს, დაგვისვეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, აქტუალური კითხვები და ზუსტად ის კითხვები, რასაც ეს პროცესი იწვევს“, - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ელჩებთან შეხვედრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი. ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მას 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. წერეთელი უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე.
გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინა. ის ბრალდებულად იქნა ცნობილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში.
კერძოდ, ავთანდილ წერეთელს გამოძიება ედავება „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“. თავად ის ბრალდებას სრულიად აბსურდულად მიიჩნევს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს კომპანიები „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“, რომელთა თანამფლობელია ავთანდილ წერეთელი, ხოლო მისი ვაჟი - ვახტანგ წერეთელი ამ კომპანიების მეწილეა.
ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი 8 აგვისტოს ამავე საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. იმ დღეს მან ეს ფაქტი სწორედ ტელეკომპანია „პირველს“ დაუკავშირა.