საოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მახლობლად მშენებლობას აწარმოებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბერშუეთისა და კირბალის მახლობლად, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მთის ძირში საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა და გზის გაფართოება მიმდინარეობს.
კირბალელები და ბერშუეთელები მეორე კვირაა შორიდან აკვირდებიან ტრაქტორების და ექსკავატორების მუშაობას. „სოფლის ბოლოდან ჩანს გადათხრილი, ტყე ჩამოიღეს სულა დაბლა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბაზას აკეთებენ და გზაც მანდვე გაჰყავთ. არადა გამოყოლებაზე 7 ბაზა აქვთ და რაღა ბაზა უნდათ?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კირბალის მცხოვრებმა, გიორგი დოთიაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცტექნიკა ოკუპირებული ღრომის ხეობიდან შეჰყავთ.