ზურაბ ადეიშვილი: ბიზნესთან ურთიერთობაში შეცდომები დავუშვით
„ბიზნესთან დაკავშირებით სერიოზული შეცდომა იყო ბიზნესმენის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ჩვენ არ უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა დამრღვევი კომპანიების მიმართ სახელმწიფოს ჰქონოდა სხვა პოლიტიკა - კერძოდ, ასეთი კომპანიები დაყადაღებულიყო, მათი მფლობელების მიმართ კი შესაბამისი სასჯელები გამოეყენებინათ:
„ორი პროცედურა არსებობდა: ერთი პროცედურით, ვთქვათ, ადამიანს აღმოუჩინე, რომ [უკანონოდ] მოიპოვა 20 მილიონი ლარი. სწორი გზა არის, რომ ეს ფირმა უნდა დაყადაღდეს, უნდა გადაიხადოს გადასახადი, ეს ადამიანი კი უნდა დაისაჯოს. იმის გამო,რომ ეს ძალიან დაარტყამდა ეკონომიკას და მით უმეტეს, ამ კომპანიასაც, არსებობდა „შორთკატები“, - ზურაბ ადეიშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოპარული ფულის ნაწილი საზოგადოებრივ საქმეს უნდა მოხმარებოდა.
„მე არ ვამართლებ იმ პროცედურას, რაც გავაკეთე მაშინ“, - აღნიშნა ინტერვიუში ზურაბ ადეიშვილმა. მისივე განმარტებით, საზოგადოებაში განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწვევდა ასევე მცირე ბიზნესის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება და დაჯარიმება მცირე დარღვევებზე: „პატარა მაღაზია რომ ჰქონდა, მაგალითად, ვიღაცას სოფელში და ჩეკის გარეშე [მუშაობდა]...ესეც შეცდომა იყო“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში, რომელიც ბუდაპეშტშია ჩაწერილი.