თამარ ხულორდავა: სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე
„ეს ცალსახა და მკაფიო გადაწყვეტილება არ ტოვებს სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას“, - ასე ფიქრობს - რუსთავი 2-ის საქმესთნ დაკავშირებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ უმაღლესმა ინსტანციამ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დაადასტურა ის, რომ სწორი და სამართლიანი იყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კი თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა ზედმიწევნით შესრულება, მაშინ, როცა ქვეყანა დემოკრატიის სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა საქმეში ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ. ის ეხებოდა 2006 წლის მაისში, პოლიციის მიერ თბილისის კორტებთან ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.