ვრცელდება ცნობები, რომ თბილისში ბიჭი გრძელი თმის გამო სცემეს, უცხოელებს შეურაცხყოფა მიაყენეს
"თვითმხილველის თქმით, მოვლენენი სწრაფად განვითარდა: თავდაპირველად პირები ქუჩაზე მდებარე “ტაილანდური მასაჟის” კარზე აბრახუნებდნენ და შიგნით მყოფებს უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ" - იუწყება ნეტგაზეთი. "ამის შემდეგ, ქუჩის მეორე მხარეს არაბი ქალების ჯგუფი გამოჩნდა – ყველა ჰიჯაბით იყო. მათ დაუწყეს ყვირილი და მრავალი ცუდი სიტყვა უთხრეს. უყვიროდნენ, თუმცა ახლოს არავინ მისულა”, – წერს გამოცემა თვითმხილველზე დაყრდნობით. იგივე წყარო ამბობს, რომ შემდეგ ქუჩაზე გრძელთმიანმა ბიჭმა ჩამოიარა, რამაც აგრესიული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია. "თვითმხილველის თქმით, მათ ფიზიკურად შეურაცხყვეს ბიჭი, პარალელურად კი მის თმაზე მიანიშნებდნენ" - ვკითხულობთ გამოცემის ცნობაში.
“როდესაც [ბიჭი მათ] მიუახლოვდა, მეტად ძალადობრივი გზით დაუპირისპირდნენ. უყვიროდნენ, გოგო ხარ თუ ბიჭიო და შეურაცხყოფას აყენებდნენ. [ერთ-ერთმა] ბიჭმა, რომელიც [შემდგომ] პოლიციამ აიყვანა, ასფალტზე დააგდო ის, პარალელურად კი სხვები ურტყამდნენ. მას გზის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ორი გოგო დაეხმარა”, – უყვება თვითმხილველი ნეტგაზეთს და დასძენს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი მოზარდი წაიყვანა.
“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. თუმცა, სამინისტროში ინფორმაცია აქვთ მხოლოდ დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც ორ პირს მესამე პირთან მოუვიდა ჩხუბი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.