დიდი შვიდეულის ელჩები აკრიტიკებენ ზელენსკის ლუსტრაციის ინიციატივას
12 ივლისს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ელჩები ამბობენ, რომ "დემოკრატიებში ნორმას წარმოადგენს საარჩევნო ცვლილება და პოლიტიკური როტაცია... და არა განურჩეველი აკრძალვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ყველა წარმომადგენელზე".
ელჩები დასძენენ: "უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია, ჩვენი რწმენით, არ შეიძლება შეედაროს ღირსების რევოლუციისშემდგომ ვითარებას". ღირსების რევოლუციაში იგულისხმება 2014 წლის ამბოხება, რომლის შედეგად ხელისუფლება დაკარგა პრორუსულად განწყობილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა.
ზელენსკი 11 ივლისს გამოვიდა ინიციატივით, უკრაინის ლუსტრაციის კანონი გაფართოვდეს და მოიცვას ყველა პირი, რომლებსაც სამთავრობო თანამდებობები ჰქონდათ 2014 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე პერიოდში. ამჟამინდელი კანონი ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნას უზღუდავს პირებს, რომლებიც იანუკოვიჩის დროს მუშაობდნენ.