ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, როგორც გუნდის
„კონფერენცია უნდა შეწყდეს და რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო“ – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, მომხდარი ფაქტი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია და ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა ამ სესიას და როდესაც გაიხსნა სესია, რუსმა დეპუტატმა, რაც ჩანდა კიდეც კადრებში, დაიკავა თანაწამყვანის, თანათავმჯდომარის პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი და ამაზეც ჩვენი რეაქციაც იყო მყისიერად ადეკვატური. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე უკლებლივ “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის. რაც შეეხება თვითონ ამ ინციდენტის და ამ ფაქტის შეფასებას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, როგორც გუნდის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს სხდომაზე ეს საკითხიც, სხვა საკითხებთან ერთად იქნება განხილვის საგანი, სათანადო შეფასებები გაკეთდება და მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და მასეთი რამ, აღარასდროს განმეორდება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის დასავლეთი, ევროატლანტიკური სივრცეა.
„თუ ვინმე თავისი სახელმწიფოს და ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება და აკეთებს, ერთ-ერთი უპირველესი, პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე. ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არა სერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძეს რუსი დეპუტატის, გავრილოვის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს, როდესაც მან სხდომის წამყვანის პოზიცია დაიკავა.