ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში
"ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამარცხვინოდ მიიჩნევს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სესიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარებას და ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს დილით ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან რუსულ ენაზე გახსნა.
ამ ფაქტმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის სპიკერის ტრიბუნა შესვენების დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს. საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამენტო ასამბლეის სხვა შენობაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.