მამუკა მდინარაძე: რატომ აღმოჩნდა გავრილოვი სხდომის წამყვანის პოზიციაზე დეტალურად გავარკვევთ
„ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ“ - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც სურათს ვნახულობთ, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიჰყავს სხდომა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასე იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან. რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად” - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და გაბედა და წაიყვანა სხდომა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება.
ჟურნალისტების კითხვას, რატომ დააცადეს გავრილოვს სიტყვით გამოსვლა და თავიდანვე არ მოხდა რეაგირება, მამუკა მდინარაძემ არ უპასუხა.
სხდომის ჩაშლას წინ უძღოდა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნის დაკავება და მოთხოვნა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს დაეტოვებინათ საქართველოს პარლამენტი.
ამავე მოთხოვნით პარლამენტში პროტესტს აცხადებდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ თან ჰქონდათ პლაკატები "რუსეთი ოკუპანტია," "რუსეთი კლავს," "სირცხვილი მთავრობას."