რუსეთში უშიშროებამ დააკავა ყირიმელი თათარი აქტივისტები
რუსეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს რვა ყირიმელი თათარი აქტივისტი, მას შემდეგ, რაც გაჩხრიკეს მათი სახლები უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმის რეგიონში - აცხადებს უკრაინაში მოქმედი უფლებადამცველი ჯგუფი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ყირიმიდან იუწყება, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურმა (ეფესბე) 10 ივნისს დააკავა რიზა ომეროვი, მისი მამა ენვერ ომეროვი, ესკენდერ სულეიმანოვი, აიდერ ჟეპაროვი, რუსლან მესუთოვი, რუსლან ნაგაევი, ელდარ კანტემიროვი და ლენურ ხალილოვი, მას შემდეგ, რაც გაჩხრიკა მათი სახლები ალუშტის, ბილოჰორსკის და სიმფეროპოლის ოლქებში.
ყირიმელი ადვოკატი, მამეტ მამბეტოვი, ფეისბუკზე წერს, რომ ჩხრეკის დროს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო რიზა ომეროვის შვიდი თვის ორსულ ცოლს და ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ეფესბე აცხადებს, რომ ყირიმში გაჩხრიკა რამდენიმე სახლი, რომლების ეკუთვნის ჰიზბ უთ-თაჰრირის სახელით ცნობილი ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილ პირებს. ეს ისლამური ჯგუფი რუსეთში აკრძალულია, თუმცა არა უკრაინაში. მარტის ბოლოს ეფესბემ დააკავა 20 ყირიმელი თათარი, ჰიზბ უთ-თაჰრირის წევრობაში ეჭვის საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, ათობით ყირიმელი თათარი დააკავეს ამ ჯგუფის წევრობის ბრალდების საფუძველზე.