სანდრა რულოვსი: რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს
„მიშა დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს“, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ფეისბუკის გვერდზე.
„..საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორ იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა - შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში“, - წერს სანდრა რულოვსი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თბილისის 19 საათისთვის ჩაფრინდება.
უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.
პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.