უკრაინის ახალი პრეზიდენტი პარლამენტს დაშლის
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს პრეზიდენტის საზეიმო ფიცი დადო და თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ პარლამენტს დაშლის.
ზელენსკი ფეხით მივიდა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“, სადაც ცერემონია გაიმართა.
ზელენსკიმ, 41 წლის ყოფილმა შოუმენმა, 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან პაექრობაში. ზელენსკიმ ხმათა 73 პროცენტი მოიპოვა.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ მზად არის ყველაფერზე, მზად არის დათმოს თავის პოსტი მშვიდობის დასამყარებლად. „მაგრამ არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე“, - დასძინა ზელენსკიმ.
ინაუგურაცია შედგა რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა.
ზელენსკიმ მოუწოდა კანონმდებლებს, რათა ორი თვის განმავლობაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები, ასევე გენერალური პროკურორი. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას უკრაინის პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უკრაინის ოთხი ყოფილი პრეზიდენტი, მათ შორის პეტრო პოროშენკო.
ინაუგურაციას ესწრებოდნენ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.