საია არჩევნების ნეგატიურ და შემაშფოთებელ ტენდენციებს აფასებს
„საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“((საია) შეფასებით, 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება.
"სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა" - აღნიშნავს საია და დამატებით ყურადღებას ამახვილებს ორ ნეგატიურ ფაქტზე - საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს და ამავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი.
საიას ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს ნების თავისუფალ გამოვლენაზე. საიას შეფასებითვე, ამ ფონზე შემაშფოთებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს და სამწუხაროა, რომ ექს-პრეზიდენტი თავის განცხადებაში აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლსაც.
საიას შეფასებითვე, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.
"მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ" - აღნიშნავს საია. მისი შეფასებით, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები.
საია განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავებას: "როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას."
საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს ზუგდიდის მე-9 უბანზე, რაც ორგანიზაციის განამრტებით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საიას ცნობითვე, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობდა. დამკვირვებლების ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილობიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოქალაქის არჩევანის იდენტიფიცირება. ტექნიკური პრობლემები, ელექტრონულ ხმის დათვლას მთელი დღე თან ახლდა რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა კიდეც.
საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში დაიწერა სულ 8 საჩივარი:
ზუგდიდის ოლქის #73 და #75 საარჩევნო უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა);
ზუგდიდის ოლქის #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);
ზუგდიდის ოლქის #108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს);
ზუგდიდის ოლქის #9 უბანი - დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა (საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს);
მარნეულის #83 უბანში - განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა);
მთაწმინდის #11 უბანი - არ დაჯდა ბალანსი (ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობას).