ბრიტანეთმა და გერმანიამ პომპეოსთან შეშფოთება გამოთქვეს ირანთან კონფლიქტის საფრთხეზე
"ძალიან შეშფოთებულები ვართ კონფლიქტის შემთხვევით დაწყების საფრთხით, იმ ესკალაციის ფონზე, რომელიც რეალურად არც ერთი მხარის მიზანი არ არის" - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა მოლაპარაკებამდე და გამოვიდა "სიმშვიდის პერიოდის" დაწყების მოწოდებით.
ჰანტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი, პომპეოს ცალ-ცალკე ესაუბრნენ და შემდეგ ერთობლივ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, ფედერიკა მოგერინისთან ერთად. შეხვედრის მიზანი იყო ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების შენარჩუნების გზების ძიება.
პომპეომ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა, რათა ვაშინგტონის ნაბიჯების შესახებ ევროპელი მოკავშირეები ჩაეყენებინა საქმის კურსში.
შეხვედრების ფონია აშშ-ის მხრიდან სპარსეთის ყურეში სადესანტო ხომალდის და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ბატარეის განთავსების გადაწყვეტილება, იმ დაუკონრეტებეული საფრთხის მოსაგერიებლად, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, ირანისგან მოდის.
ბრიუსელში 13 მაისს გამართული მოლაპარაკება მოსდევს თეირანის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას, რომ აღარ შეასრულებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ გარკვეულ პირობებს, თუკი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ დაიცავენ მის ინტერესებს აშშ-ის სანქციებისგან.
ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ერთი წლის წინ ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა.
ხელშეკრულების ფარგლებში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეკვეცას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ხელშეკრულების ევროპელი მხარდამჭერები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ თეირანი ჩივის, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.