საგარეო უწყება: დავით გარეჯში პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად მიმართა აზრბაიჯანის ხელისუფლებას და თან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.
„სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ის პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო.
მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი განმარტებით, პროცესი შეფერხებული იყო "კომისიებში არსებული ცვლილებების გამო" - კომისიაში ცვლილებები უკვე განხორციელდა აზერბაიჯანის მხარემ, ხოლო საქართველოს მხარეს ამ საკითხზე მსჯელობა უახლოეს დღეებში ექნება.
აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებენ.
„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო.
მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.