პავლო კლიმკინის თქმით, რუსეთი დონბასის ოკუპაციის ახალ „საპასპორტო“ სტადიაზე გადავიდა
უკრაინამ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება, გამარტივებული წესით გასცეს რუსეთის პასპორტები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შესაბამისი ბრძანებულების ხელმოწერიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ტვიტერში დაწერა, რომ „რუსეთის გადაწყვეტილება, პასპორტები გასცეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის აგრესიისა და ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის გაგრძელება... ეს არის დონბასის ოკუპაციის ახალი „საპასპორტო“ სტადია“.
ოთხშაბათს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც, უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნებულია კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე.
მოქალაქეობის გამარტივებად მიღების უფლება გაიცემა „ჰუმანიტარული მიზნებით“, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, - ნათქვამია ბრძანებულებაში. ყველა მსურველს ექნება საშუალება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში შეიტანოს განაცხადი და საბუთები, რომლებიც გაცემულია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებათა მიერ და ადასტურებს საცხოვრებელი ადგილის არსებობას რეგიონის ტერიტორიაზე. განაცხადებს განიხილავენ სამი თვის ვადაში.