ზელენსკის შტაბი ოპტიმიზმით ელის მეორე ტურის შედეგებს
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდად მიმდინარეობს. მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, მძლავრ გამოწვევას უქმნის მისი მეტოქე, პოლიტიკური აუტსაიდერი ვლადიმირ ზელენსკი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, შუადღისთვის ამომრჩევლის აქტივობა 45 პროცენტამდე იყო. სერიოზულ დარღვევებზე ან ინციდენტებზე ცნობები არ არის.
ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სერიალში შემთხვევითი პრეზიდენტის როლის თამაშით. კიევში, საარჩევნო უბანზე მისული ზელენსკი ჟურნალისტებს გაეხუმრა, ცოლმა კარგ ხასიათზე დამაყენა, რადგან დილით რეპერ ემინემის სიმღერა ჩამირთოო. "დღევანდელი დღე მოიტანს უკრაინელების გამარჯვებას, უკრაინის გამარჯვებას" - განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე პრესკონფერენციას გამართავს.
უფრო ადრე ხმა პოროშენკომაც მისცა კიევში. მან ამომრჩეველს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდოს გადაწყვეტილებას და შეაქო არჩევნების მშვიდი პროცესი.
18 აპრილს გავრცელებული გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ჯგუფმა "რეიტინგი", ამომრჩევლის 57,9 პროცენტი ამბობდა, რომ მეორე ტურში აუცილებლად ზელენსკის დაუჭერდა მხარს, პოროშენკოს მომხრე კი 21.7 პროცენტი იყო.