უკრაინაში დასრულდა "მთავარი დებატები" პოროშენკოსა და ზელენსკის შორის
უკრაინაში პარასკევს გაიმართა მთავარი დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის, რომლებიც ამ ფორმატში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დებატებმა, რომელზეც უსაფრთხოებას რამდენიმე ათასი სამართალდამცველი იცავდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
შეკითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, პოროშენკომ და ზელენსკიმ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს.
“მე თქვენი ოპონენტი კი არა, თქვენი განაჩენი,“ - ვარ ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს. "მე თავად ვემხრობოდი პოროშენკოს, მაგრამ ჩვენ შევცდით. განა შემეძლო მაშინ წარმომედგინა, რომ ცხოვრება ახლებურად, გადაიქცეოდა ცხოვრებად გადარჩენისათვის, ომის ორ კვირაში დასრულების პირობა - შემოგვიბრუნდებოდა დებალცევოდ და ილოვაისკად? შეგვეძლო იმის წარმოდგენა, რომ „ღირსების რევოლუციით“ ნაძირალები ისარგებლებდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პეტრო პოროშენკომ ოპონენტს უწოდა „ტომარა“, რომელშიც ეშმაკები იმყოფებიან. „მათ შორის ოლიგარქები, „რეგიონთა“ პარტიის ყოფილი წევრები და ყველა ის, ვინც ჩემს ქვეყანას ემუქრება. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ“, - განაცხადა პოროშენკომ, რომელმაც მოუწოდა ოპონენტს, რომ ასევე მიიღოს მასთან ერთად მონაწილეობა დებატებში ტელეკომპანია „სუსპილნეში“ (უკრაინის საზოგადოებრივ არხზე), რასაც ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მანამდე ზელენსკის შტაბში განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ აპირებს სატელევიზო დებატებში მონაწილეობის მიღებას.
კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს სამ-სამი შეკითხვა, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ თითო-თითო წუთი, პასუხისათვის - 4 წუთი. დებატების დასაწყისში და ბოლოს კანდიდატებმა ისარგებლეს ასევე განცხადებებისთვის განკუთვნილი ხუთ-ხუთი წუთით.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.