ესტონეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს საქართველოზეც ესაუბრა
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ესტონური გამოცემა Postimees-ი იუწყება. პრეზიდენტების შეხვედრა 18 აპრილს, მოსკოვში გაიმართა.
„მე ვთქვი, რომ ორივე ქვეყანაში ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან და ადამიანებს ველაპარაკე მავთულხლართების და შლაგბაუმების ერთი მხრიდან მეორე მხარეს“ - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.
მისივე თქმით, პუტინთან განიხილეს, თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტის სცენარები. ესტონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის პოზიციას.
ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას.
რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს საკითხის განხილვით დაინტერესდა გამოცემა „კომერსანტი,“ რომელსაც ესტონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.
შეკითხვას: რა განიხილეს საქართველოს შესახებ, სადაც კონფლიქტი დიდი ხანია გაყინულია, კერსტი კალიულაიდიმ უპასუხა: "სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი."
„კომერსანტთან“ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს და უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.