აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი. გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ ამ მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს განცხადებით 10 აპრილს მიმართეს. როგორც რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, საბჭო ვალდებულია საკითხი სხდომაზე განიხილოს 10 დღის ვადაში:
"დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნას თან ახლავს 16 გვერდიანი დანართი, სადაც საუბარია, ტელევიზიის პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ასევე ტელევიზიის თანამშრომლის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ. მე გადავეცი ტელევიზიის დირექტორს განცხადება და მას შეუძლია სიტყვიერად ან წერილობით უპასუხოს ბრალდებებს" - ნატა იმედაიშვილი. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა 5- წევრიანი საბჭო საკითხს სხდომაზე განიხილავს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტს გამოუცხადებს თუ არა უნდობლობას დირექტორს.