კახა წიქარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი იცავს მოსამართლეთა ყველაზე უარეს ფენას
ბიძინა ივანიშვილი დღეს იცავს სასამართლო სისტემის ყველაზე უარეს ფენას, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა წიქარიშვილი - „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწეა.
მისი თქმით, ხელისუფლების დაცვით სარგებლობს ე.წ. „კლანი“, რომელიც დაკომპლექტებულია „მორალური შკალის ყველაზე დაბალ ნიშნულზე“ მდგარი ადამიანებით, რომლებიც „წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდნენ სასამართლოს მორჩილებას“.
„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მარტივად წარმოუდგენია ვითარება, რომ ცუდი საქმის გამკეთებელი მოსამართლეები უცებ შეიცვალნენ... ამ დროს, ხელისუფლების შეკვეთის შემსრულებელი მოსამართლეები იმიტომ შეიცვალნენ, რომ შეიცვალა დამკვეთი, ანუ ხელისუფლება... მოსამართლე საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდეს დაკვეთას, ის მხოლოდ კანონსა და შინაგან რწმენას უნდა ემორჩილებოდეს“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
10 აპრილს წიქარიშვილმა ღია წერილით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ.
„თქვენ ვერ ერკვევით სასამართლოში არსებულ პრობლემაში, ან ერკვევით და შეგნებულად ცდილობთ ამ პრობლემის დამალვას“, - ვკითხულობთ ტექსტში.
კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილის უხსნის, რომ სასამართლო სისტემაში ყველა არ ასრულებდა ხელისუფალთა დაკვეთებს, ხოლო დაკვეთების შემსრულებლთა შორისაც იყო მორალური განსხვავებები.
წერილის ავტორი სვამს შეკითხვას - რამდენად შესაძლებელია, რომ წინა ხელისუფლების დაკვეთების შესრულების ორგანიზატორმა მოსამართლეებმა „ააშენონ დამოუკიდებელი სასამართლო და მოიპოვონ საზოგადოებრივი ნდობა?“.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს არც იმაში ეთანხმება, რომ 2012 წლიდან დღემდე არავის ახსოვდა სასამართლოში კლანის არსებობა და დღეს დაიწყო ხმაური ამ თემაზე.
„სასამართლოში არსებულ კლანზე 2013 წლიდან ბევრი ითქვა და დაიწერა. პირადად მე 2013 წლიდან არაერთხელ ოფიციალურად მივმართე „ქართულ ოცნებას“ და მოვითხოვე სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შეფასება, თუმცა ჩემი მოწოდება არ იქნა გაზიარებული“, - წერს კახა წიქარიშვილი.