გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა
4 აპრილს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი მოწმე დაიკითხა: 2 გამომძიებელი, იმ სახლის მესაკუთრეები, სადაც დანაშაული მოხდა და ერთი მეზობელი ქალი.
იაგო ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი აცხადებს, რომ აქამდე მოპოვებული მტკიცებულებებით, იაგო ნებიერიძის ბრალეულობა არ მტკიცდება. საქმის პროკურორი, ზურაბ წერეთელი კი ამბობს, რომ დღეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება იაგო ნებიერიძის საქმესთან შემხებლობა.
პროკურორის თქმით, გამომძიებლებმა სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სახლის მესაკუთრეებმა კი დაადასტურეს, რომ იაგო ნებიერიძე მათთან ნამდვილად მუშაობდა. პროკურორის თქმით, აღნიშნული სახლი მშენებარეა და მომხდარი ფაქტის დროს მეპატრონეები იქ არ ცხოვრობდნენ.
ადვოკატი მარიამ პაპოშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იაგო ნებიერიძის ბრალეულობაში.
„ბრალდების მხარე ზემოქმედებს საზოგადოებაზე. ჯერ არ დასრულებულა პროცესი და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. თუ უკვე ბრალი დამტკიცებული აქვთ, შეწყვიტონ მაშინ პროცესი! ასე არ შეიძლება!“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის ყველაფრის მოყოლას გეგმავს.
დახურული სასამართლო სხდომა 3 საათს გაგრძელდა. სასამართლოში არ გამოჩენილან გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის წევრები.
საქმის ფარგლებში სულ 69 მოწმე უნდა დაიკითხოს. მათი უმრავლესობა ჯერჯერობით დაკითხული არ არის. უცნობია შემდეგ სხდომაზე დასაკითხთა ვინაობა.
მომდევნო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11 აპრილსაა ჩანიშნული.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სამართალდამცავებმა, რამდენიმე საათში, ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვნეს. ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა დაკავებული.