პოროშენკო ზელენსკის: დებატები შოუ არ არის
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დათანხმდა არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული შოუმენის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართვას, რომ მეორე ტურის წინ მათი დებატები გაიმართოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. ზელენსკის წინადადებას წინ უძღოდა პოროშენკოს მოწოდება პოლიტიკური დებატების შესახებ.
სტადიონზე დებატების შესახებ ზელენსკის წინადადების საპასუხოდ, ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოროშენკო აღნიშნავს, რომ მათი გეოპოლიტიკური კომპასები სხვადასხვა მხარეს აჩვენებენ და ძლიერი, ევროპული უკრაინა არასდროს არავის წინაშე არ დაიჩოქებს.
პეტრო პოროშენკოს განცხადებითვე, დებატები არ არის შოუ, საარჩევნო კამპანია ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ამიტომ სახუმარო საქმე არ არის და არც პრეზიდენტობა და უმაღლესი მთავარსარდლობაა თამაში.
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, წაიკითხოს კანონი, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გაიმართოს და ყველა ტელეარხით გადაიცეს.
„მაგრამ თუ სტადიონია, სტადიონი იყოს, გელოდებით“ - მიმართავს პოროშენკო ზელენსკის.
31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების 30,24% მიიღო. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,95%-ით.
ზელენსკის და პოროშენკოს მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.