უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიცემული ხმების დათვლა
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა.
პირველ ტურში 30,24%-ით გაიმარჯვა შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მეორე ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 15,95%-მა.
პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს 50%-იანი ბარიერი უნდა გადაელახა.
ზელენსკის და პოროშენკოს მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა ხმების 13,40%-ით.