პაკისტანში კიდევ ორ პირს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სტუდენტის ლინჩის წესით გასამართლებისათვის
პაკისტანის ანტიტერორისტულმა სასამართლომ ორ ადამიანს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა ქალაქ მარდანის უნივერსიტეტის სტუდენტის, მაშალ ხანის მკვლელობაში მონაწილეობისათვის.
23 წლის სტუდენტი, რომელიც აბდულ უალი ხანის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ბრბომ მოკლა 2017 წლის 13 აპრილს. ის სოციალურ მედიაში „მკრეხელური შინაარსის“ მასალის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ლინჩის წესით გასამართლებამ აღშფოთება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებაამცველებში. მათმა მწვავე რეაქციამ მთავრობას აიძულა თავდასხმის მონაწილეთა დაკავება.
ორი პირიდან, რომელთაც 21 მარტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, ერთ-ერთია მმართველი პარტიის, "ტეჰრიკ-ე-ინსააფის" წევრი. გასული წლის თებერვალში ერთ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხუთს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მაშალ ხანის მკვლელობისათვის. ამავე პროცესის დროს გაამართლეს 26 ადამიანი.
ხანზე თავდასხმამ, რომელიც მობილური ტელეფონებით გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს, შეაძრწუნა პაკისტანი. კრიტიკა შეეხო გავლენიან მუსლიმ სასულიერო პირებსაც.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მაშალ ხანი უსაფუძვლოდ იქნა დადანაშაულებული მკრეხელობაში.