ცქიტიშვილი:არსებობს ვერსიები, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის გაქრობა უნდა
კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის და მის გარშემო არსებული ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო პოზიტიურად, ვიდრე არის-აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა.
იგი ამბობს, რომ ინვესტორის ინტერესი მისთვის გასაგებია, თუმცა როცა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ გაჩნდა, სახელმწიფო იძულებული გახდა ხმამაღლა დაეწყო პრობლემებზე საუბარი და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაცია მიეწოდებინა.
მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების წინაშე არაერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში არსებული სირთულეები არანაირად არ უკავშირდება პროკურატურის დაინტერესებას „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.
„ წამოვიდა ისეთი ვერსიები, რომელიც ბატონმა რომანმაც გააჟღერა(რომან გოცირიძე), რომ თურმე იმის გამო, რომ გზას ვერ ვასწრებთ, ამიტომ დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა
მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება და შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი, ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა, თითქოს პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის:
“და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. იგი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე წარსდგა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე არსებული შეფერხებებისა და მთავრობის პოზიციის საკითხებზე სასაუბროდ.