ირმა ნადირაშვილი: ძალიან ხელოვნურია, რომ გამოსვლაში არ ახსენეთ მამუკა ხაზარაძის საქმე
„მესმის, რომ გინდათ, ერთმანეთისგან გამიჯნოთ ანაკლიის პროექტი და თიბისის საქმე და ეს თქვენი სურვილი გასაგებია, მაგრამ მაინც, ძალიან ხელოვნური იყო ჩემი გადასახედიდან, რომ არც ერთხელ თიბისის საქმე, მამუკა ხაზარაძის საქმე, არ ახსენეთ“, - ასე გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტში მისულ მაია ცქიტიშვილს, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც დეპუტატებს ანაკლიის პროექტის განხორციელების დეტალები გააცნო.
„შეიძლება თქვენ მიჯნავთ თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის საქმეს, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ საზოგადოებისთვის, პოლიტიკისთვის, ინვესტორებისათვის, ეს არის ერთიანი საკითხი და რადგან კითხვები არსებობს, გეხსენებინათ მაინც. საერთოდ არ ამოიღეთ ხმა და კიდევ უფრო ამყარებთ ეჭვებს, რომ ეს ორი საკითხი ნამდვილად ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაბმული პრობლემებია“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
დეპუტატმა მინისტრს კითხვები დაუსვა თიბისი ბანკის საქმის გარშემო:
„მაინტერესებს, თქვენ როდის ჩაერთეთ თიბისის საქმეში. თქვენ ალბათ უნდა ყოფილიყავით საქმის კურსში, რომ ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, მამუკა ხაზარაძეს, გამოაცხადებდნენ ფულის გამთეთრებლად. მაინტერესებს, თქვენ ეს ყველაფერი იცოდით თუ არა, გაიარა თუ არა პროკურატურამ თქვენთან კონსულტაციები. აუხსენით თუ არა მათ, რომ ასეთი ბრალდებების წაყენება ანაკლიის პროექტსაც დააზარალებდა“.
პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.
საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.
საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი. ორივე მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პროკურატურის ინტერესის საგნად ქცეულ ტრანზაქციას რაიმე კავშირი აქვს „ფულის გათეთრებასთან."