პოლ მანაფორტს მთლიანობაში შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მანაფორტის ბრალდების პუნქტებს შორისაა სპეცპროკურორ რობერტ მიულერისთვის ყალბი ჩვენების მიცემა და მოწმეების დაშინება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით. პროცესის მსვლელობისას მანაფორტმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელისთვის და შეწყალება ითხოვა.
გასულ კვირაში ვირჯინიის სასამართლომ უკვე მიუსაჯა მანაფორტს თითქმის ოთხი წლით პატიმრობა საფინანსო და საგადასახადო დანაშაულებების გამო, რომლებიც მან უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად ყოფნისას ჩაიდინა.
შემოსავლების უკანონო სქემები გაიხსნა სპეცპროკურორ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში. მანაფორტმა აღიარა დანაშაული. აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპმა შეიძლება შეიწყალოს თავისი ყოფილი კონსულტანტი. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი „გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როცა მზად იქნება“.