საქართველოში ფრანკოფონიის დღეები გრძელდება
წელს ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობენ: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, პატარძეული და წელს პირველად - ლანჩხუთიც. ელჩი პასკალ მენიე ამბობს, რომ პროცესში გურიის ჩართვა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ფრანგების „დიდი მეგობრის“, პიანისტ ელისო ბოლქვაძის მამა სწორედ გურიიდან არის.
30 მარტამდე გაიმართება ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება, კულინარიული მასტერკლასები, ლიტერატურული შეხვედრები, საჯარო ლექციები, კონკურსები და ასე შემდეგ. საფრანგეთის საელჩოს გარდა, ფრანკოფონიის დღეებს უერთდებიან საქართველოში მოქმედი შვეიცარიისა და რუმინეთის საელჩოები და ასევე, კანადის საელჩო თურქეთში და ბელგიისა და მოლდავეთის საელჩოები აზერბაიჯანში.
2019 წელს საქართველოში ფრანკოფონიის თვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIF) საქართველო 2004 წლიდან არის წარმოდგენილი, დამკვირვებელი წევრის სტატუსით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის, კახა ხანდოლიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ქვეყანამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი მიიღოს.
2020 წელს ტუნისში დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რომ განაცხადი გააკეთოს ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობისთვის.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 20 მარტს აღინიშნება. 20 წელზე მეტია, რაც ამ პროცესს საქართველოც შეუერთდა.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) 1970 წლის 20 მარტს შეიქმნა და ამჟამად 70-მდე ქვეყანას აერთიანებს. ხუთი ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოშია გაერთიანებული.