როჰანი: ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მაქსიმალურია
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ამჟამად მაქსიმალურია, და ეს ვითარება იშვიათია ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ, ანტაგონისტურ ურთიერთობაში.
კავშირები აშშ-სა და ირანს შორის - რომლებიც ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაპირისპირებული არიან - განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაისში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანს დაუბრუნა ამ ხელშეკრულებით მოხსნილი სანქციები.
ტრამპი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ნაკლოვანი იყო, რადგან არ შეიცავდა შეზღუდვას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, ან სირიაში, იემენში, ლიბანში და ერაყში თავისი მოკავშირე ძალების მხარდაჭერაზე.
"ირანსა და ამერიკას შორის ბრძოლა ამჟამად მის მაქსიმუმზეა. ამერიკამ მთელი მისი ძალა მომართა ჩვენს წინააღმდეგ" - როჰანის მიერ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე წარმოთქმულ ამ სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო მაუწყებელი IRIB-ი.