საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას
საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე.
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიზეზად დაასახელა ისიც, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც გამოიწვიოს.