რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, ნუ ჩაერევა ვენესუელის საშინაო საქმეებში
სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ დაუდასტურებია ცნობა სატელეფონო საუბრის შესახებ.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვმა პომპეოს უთხრა, რომ რუსეთი მზად არის ვენესუელის შესახებ კონსულტაციებისათვის. მოსკოვს ბოლო წლებში მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს მიწოდებული ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროსათვის. ხოლო ვაშინგტონი იანვრის ბოლოდან მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს, რომელსაც ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მისი აღიარებისაკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პომპეოსთან საუბრისას, ლავროვმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის გეგმა, რუსეთს დაუწესოს სანქციები ინგლისში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლისათვის.
გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“ 12 თებერვალს იუწყებოდა, რომ აშშ და ევროკავშირი უახლოვდებიან შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ ახალ, ერთობლივ სანქციებზე სკრიპალების მოწამვლისა და ყირიმის სანაპიროსთან უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გამო.