საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ვილნიუსში გაიმართა ლიეტუვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, საულიუს სკვერნელისის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს და ლიეტუვის მთავრობების და პარლამენტების წევრები. განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნისუში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.