ტრამპი: აშშ-ის სამხედროებმა მოკლეს "ალ-ყაიდის" ერთ-ერთი გავლენიანი წევრი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს სამხედრო-საზღვაო გემ „კოულზე“ 2000 წელს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. „ჩვენმა დიადმა შეიარაღებულმა ძალებმა სამართალი აღასრულა გმირებისთვის, რომლებიც დაეცნენ და დაიჭრნენ აშშ-ის სამხედრო გემის, „კოულის“ წინააღმდეგ განხორციელებული ლაჩრული თავდასხმის შედეგად,“ დაწერა ტრამპმა 6 იანვარს ტვიტერში. „ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას!“ დასძინა მან.
აშშ-ის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, იემენის დედაქალაქ სანაას აღმოსავლეთით განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლულია „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ჯამალ ალ-ბადავი.
2003 წელს აშშ-ის სასამართლომ ბადავის განაჩენი გამოუტანა გემზე თავდასხმაში მისი როლისთვის და ეფ-ბი-აი-მ 5 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერაში დახმარებას გაწევდა.