ზაქარია ქუცნაშვილი: თამაზ მეჭიაური მავნე ზეგავლენას ახდენს თიანეთის მოსახლეობაზე
![ზაქარია ქუცნაშვილი: თამაზ მეჭიაური მავნე ზეგავლენას ახდენს თიანეთის მოსახლეობაზე](https://gdb.rferl.org/B603A1FA-4E75-47DC-8DDA-6B3F9CE8F1BB_w800_h450.jpg)
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაბა თიანეთში 3 იანვარს მომხდარი მკვლელობა მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ „უზნეო ცხოვრების წესის მავნე ზეგავლენას“ დაუკავშირა.
„ბევრი იუმორით ხვდებოდა იმას, რომ „კაპოტზე“ ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ რომ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე“ ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია. მაგრამ ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება ამ უზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება სავალალო შედეგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს შედეგები, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა“-აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ კომენტარში თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ყველაფერს თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს. „ეს იქნება მისი დასასრულის წელი.“-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა