სალომე ზურაბიშვილი: 2018 წელი სრულიად განსაკუთრებული წელი იყო ჩემთვის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას და აღნიშნა, რომ 2018 წელი მისთვის „სრულიად განსაკუთრებული წელი იყო“- მისი თქმით, „ერთდროულად, მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი“, რითაც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იგულისხმა. მან მადლობა გადაიხადა „ნდობისა და მხარდაჭერისათვის“.
ზურაბიშვილის მიმართვის ნაწილი დაეთმო ნარკოტიკების პრობლემას. მისი თქმით, „გარკვეული წარმოშობის ნარკოტიკების“ გამო ადამიანების დაღუპვა არის ტრაგედია არამარტო ოჯახებისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. „საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს“, განაცხადა მან და ქართველი სპორტსმენების „არნახული გამარჯვებები“ მოიყვანა წარმატების მაგალითებად, რაზეც მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ იდგა საქართველოს მოსახლეობისათვის ახალი წლის მილოცვისას.