ანა დოლიძე მოითხოვს შეჩერდეს მოსამართლეთა სიის განხილვა პარლამენტში
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, შეაჩერონ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის განხილვა.
26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებს აარჩევს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით. მან იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მოღვაწეობა „ღრმა ფსკერად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ორგანომ სილა გააწნა საქართველოს პარლამენტსა და ქართულ საზოგადოებას, რადგან პარლამენტს, ფაქტობრივად „გზაში დააწიეს მოსამართლეთა კანდიდატურების ბიოგრაფიები“:
„სრულიად დაუშვებელია წინასაახალწლო დღეებში, 27-28 დეკემბერს, პარლამენტის მიერ მოსამართლეების კანდიდატურების ნაჩქარევად განხილვა. ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სასამართლოს ნდობისთვის, რომელიც ისედაც დაბალია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების პეტიციაც მოჰყვა, რომლითაც ხელისმომწერები მიმართავენ პარლამენტს გამოიჩინოთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უარი თქვან უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე.
„წარმოუდგენელია, რომ დღესაც კი, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უვადოდ დანიშვნის სურვილი იმ მოსამართლეებს აქვთ, რომლებიც სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბების და შენარჩუნების საფუძვლებს ქმნიდნენ. მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის იდეის, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არათუ რჩება სასამართლო სისტემაში, არამედ ახერხებს საკუთარი გავლენებით, განსაზღვროს სასამართლოს მომავალი. მათ მოახერხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მორგება ახალ პოლიტიკურ რეალობასთან“, - ვკითხულობთ პეტიციაში.
24 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.