მიშელ ობამა დემნა გვასალიას 4 000$-ად ღირებულ ფეხსაცმელებსა და ყვითელ კაბაში გამოეწყო
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა შოუში, სადაც სარა ჯესიკა პარკერისგან იღებდა ინტერვიუს, მოდის სახლ "ბალენსიაგას" ფეხსაცმელებსა და ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი.
ბრჭყვიალა მაღალი ჩექმები, რომელიც მიშელ ობამას ეცვა, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, ჯერ მაღაზიებში არ იყიდება და ბრენდის ვებ-საიტზე მისი ფასი 4 000 $-ს შეადგენს. ამავე კოლექციის ნაწილია კაშკაშა ყვითელი კაბაც.
მიშელ ობამამ ისიც ახსნა, როგორ არჩევს ტანსაცმელს, რომელიც მის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის დაკვირვების საგანი ხდება ხოლმე. ის ამბობს, რომ ცდილობს ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობას, რომლებისთვისაც რთულია ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.
" ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა, სწორედ ამიტომ ავირჩიე ჯეისონ ვუ, რომელმაც საინაუგურაციო კაბა შემიკერა".
"არ მსურდა, ჩამეცვა იმის სამოსი, ვინც შინაგანად კარგი ადამიანი არ არის. ამის გაგება შესაძლებელია იმით, როგორ ეპყრობიან ისინი ჩემს თანამშრომლებს ან იქცევიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ყველას, ვისი სამოსიც მცმია, კარგი შინაგანი სამყარო აქვს", - ამბობს მიშელ ობამა.