რუსეთმა ნაწილობრივ მოუხსნა ბლოკადა უკრაინის აზოვის ზღვისპირა პორტებს
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი აცხადებს, რომ რუსეთმა „ნაწილობრივ“ მოხსნა ბლოკადა აზოვის ზღვისპირა უკრაინულ პორტებს, როცა - ბოლო ათ დღეში პირველად - ქერჩის სრუტეში გავლის უფლება მისცა უკრაინის გემებს.
რუსეთმა ქერჩის სრუტესთან 25 ნოემბერს დააკავა უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და მათზე მყოფი 24 მეზღვაური. ომელიანმა 4 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ბერდიანსკსა და მარიოპულს ნაწილობრივ მოეხსნათ ბლოკადა.
წინა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუშვას თავისუფალი ნავიგაცია და შეუფერხებელი კავშირი აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებთან. ყირიმის ნახევარკუნძულთან რუსეთისა და უკრაინის კონფრონტაცია არის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს მინისტერიალზე, რომელიც 4 დეკემბერს ბრიუსელში იმართება.
რუსეთს კვლავაც დაკავებული ჰყავს 24 უკრაინელი ჯარისკაცი მიუხედავად ნატოს მოწოდებისა, გაათავისუფლოს ისინი მოსკოვის იზოლატორიდან.