ტრამპმა უარყო მოწოდება, რომ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვეს ჟურნალისტის მკვლელობას
თეთრი სახლის ორგვერდიან განცხადებაში, ტრამპი „საშინელ დანაშაულს“ უწოდებს საუდის არაბეთის ხელისუფალთა ოპონენტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას, რომელიც სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში მოხდა. მკვლელობის გამო სანქციები დაუწესეს საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს. პრეზიდენტის სიტყვებით, ტახტის მემკვიდრე მოჰამედ იბნ სალმანს „შეეძლო ცოდნოდა, ან არ ცოდნოდა ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ“.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხაშოგის მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის პირდაპირი დავალებით. ბევრი ამერიკელი კანონმდებლის აზრით, ტრამპმა უნდა აუხსნას საუდის არაბეთის ხელისუფლებას, რომ აშშ არ შეურიგდება ასეთ ქმედებებს. ზოგმა მოითხოვა უფლისწულ მოჰამედ იბნ სალმანთან ურთიერთობის შეწყვეტა.
კანონმდებელთა განცხადებებზე ტრამპის რეაქციას, რომ ვაშინგტონისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რიადთან მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკით გამოეხმაურა საინფორმაციო საშუალებების დიდი ნაწილი. ისინი პრეზიდენტს საყვედურობენ, რომ უგულებელჰყოფს ამერიკულ ფასეულობებს.