ამნესტი ინტერნეშენელმა დაპატიმრებული სამი რუსი აქტივისტი „სინდისის პატიმრებად" აღიარა
საერთაშორისო უფლება დამცავი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშენელი სამ რუს აქტივისტს, რომლებიც საპროტესტო გამოსვლის გამო დააკავეს დონის როსტოვში, აღიარებს „სინდისის პატიმრებად“. ამნესტი 12 ნომებრის განცხადებაში წერს, რომ 18 წლის იან სიდოროვის, 21 წლის ვლადისლავ მორდასოვის და 18 წლის ვიაჩნესლავ შამშინის დაპატიმრების დროს რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია მათი უფლება მოაწყონ მშვიდობიანი შეკრება. ამავე განცხადებაში წერია, რომ პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნა დარღვეული. სამი პირი 2017 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, როცა სავარაუდოდ გეგმავდნენ არეულობაში მონაწილეობას. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულები გამოვიდნენ მოწოდებით საჯარო არეულობისკენ და გეგმავდნენ პოლიციაზე თავდასხმას. თუ დამნაშავედ სცნეს, სიდოროვს და მორდასოვს 15 წლამდე პატიმრობა ელით, შამშინს - რვა წლამდე. სამივე აცხადებს, რომ სურდათ მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობა და არაფერი ჰქონდათ საერთო 2017 წლის 5 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციასთან, რომელსაც „არტპოდგოტოვკა“, რუსეთში აკრძალული ექსტემისტული გაერთიანება გეგმავდა.