საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს
![საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს](https://gdb.rferl.org/2DFB6196-DDE9-4201-A237-7E953DAD18AE_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვართან სიტუაციის გამწვავების გამო, საქართველოს საელჩომ ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მიმართა. „ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად“ - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიმართვაში. შექმნილი ვითარების გამო, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092.
12 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა "ჰამასი" დაადანაშაულა ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმებში და საპასუხოდ, იერიში მიიტანა პალესტინელთა ათობით ობიექტზე, მათ შორის "ჰამასის" სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინაზე. ისრაელმა ღაზის სექტორთან განათავსა დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა. სიტუაციის გამწვავების გამო, საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.