ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ) ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ, ბაკურ გოგოლი (77 კგ) კი ბრინჯაოს მედლისათვის აგრძელებს ბრძოლას.
ნაკრების უმსუბუქესმა და უმძიმესმა წევრებმა ფინალის გზაზე სამ-სამი მეტოქე ჩამოიშორეს. საჩემპიონო ბრძოლაში წურწუმია რუსეთის ნაკრების წევრ ვიტალი კაბალოევს დაუპირისპირდება, პატარიძის მოწინააღმდეგე კი თურქი ოსმან ილდირიმი იქნება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, იქამდე კი, 12:30 საათიდან, საქმეში 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებმებიან და ფინალისტებს გამოავლენენ. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ოთარ აბულაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ).