კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა კალიფორნიის შტატი, სადაც გასულ კვირიდან მძვინვარებს ტყის მასივებიდან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელებული ხანძარი. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ხანძარმა იმსხვერპლა 44 ადამიანის სიცოცხლე. მათგან 42 დაიღუპა კალიფორნიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პარადაისში, რომელიც თითქმის მთლიანადაა განადგურებული. 2 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს საკურორტო ქალაქ მალიბუში. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 220-ზე მეტი ადამიანი.
კალიფორნიაში ბუნებრივ ხანძარს 8 ნოემბრიდან ებრძვის რამდენიმე ათასი მეხანძრე და სპეციალური ავიაცია, თუმცა, ჯერჯერობით ლოკალიზებულია ცეცხლის კერების დაახლოებით 30%. სტიქიასთან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარმა უკვე გაანადგურა ათას კვადარტულ კილომეტრზე გაშენებული ტყის მასივები და რამდენიმე ათასი სახლი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 200 000-მდე ადამიანი.